რექტორის მიმართვა



ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვუხელმძღვანელო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, რომელმაც მოკლე დროში შეძლო გამხდარიყო დინამიური, მზარდი და ინოვაციური სასწავლებელი რეგიონში. მიღწეული წარმატება სწავლის პროცესში ინოვაციური მეთოდოლოგიის გამოყენებას, სიახლეების დანერგვასა და კრეატიული მიდგომების წახალისებას უკავშირდება და ამ წარმატებაში დიდი წვლილი უნივერსიტეტის პერსონალს მიუძღვის. მოხარული ვარ, რომ პროფესიონალთა გუნდთან ერთად ვაგრძელებ მუშაობას. ჩვენ განვითარების მეორე ეტაპზე გადავდივართ, სადაც მთავარი ყურადღება დაეთმობა სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიცემას და ინოვაციური მიდგომების გამოყენებას სწავლების პროცესში. ჩემი, როგორც რექტორის მთავარი ამოცანაა გაგრძელდეს უნივერსიტეტის განვითარება, დაინერგოს კვლევითი ინფრასტრუქტურა და მოხდეს უნივერსიტეტის აკადემიური რეპუტაციის განმტკიცება. უნივერსიტეტის განვითარება მოხდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. ჩვენ ვიმუშავებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ბტუ-ს აკადემიური და კვლევითი პოტენციალის გასაძლიერებლად და საერთაშორისოდ აღიარებული სახელის შესაქმნელად. უნივერსიტეტების როლი ქვეყნის წინსვლაში უმნიშვნელოვანესია. ყველა მოწინავე ეკონომიკა ქვეყნის განვითარებაში მთავარ საყრდენად უნივერსიტეტებს განიხილავს. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ განათლება წამყვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიური და სოციალური განვითარებისთვის. საქართველოს განსაკუთრებით სჭირდება მთავარი აქცენტის გაკეთება იმ სამრეწველო და კომერციულ სექტორებზე, რომლებისთვისაც ცოდნა წამყვანი შემადგენელი კომპონენტია. ბტუ გააგრძელებს მისი წვლილის შეტანას ამ პროცესში. ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი როლი ცოდნის ეკონომიკის პოლიტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრაში და მის შესრულებაში. ეს უნივერსიტეტისთვის საინტერესო და ასევე გამოწვევებით სავსე პროცესია. მე და მთელი გუნდი, სიამოვნებით ვიღებთ ამ გამოწვევას და ვფიქრობთ, რომ ჩვენ მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ქვეყნის განვითარებაში. უნივერსიტეტი გააგრძელებს ბიზნეს სექტორთან ახლო ურთიერთობას. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ცოდნის ეკონომიკის და ცოდნის საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად. როგორ? ეს მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია სტუდენტების განათლების ხარისხზე. ბტუ გააგრძელებს საუკეთესო და ნიჭიერი სტუდენტების მოზიდვას, რომელთაც ვთავაზობთ საუკეთესო სოციალურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და სასწავლო გამოცდილებას. უნივერსიტეტის მთავარი პრიორიტეტი არის მსოფლიო დონის, საერთაშორისოდ კონკურენტუნარიანი კუსდამთავრებულების გამოშვება, რომლებსაც უნივერსიტეტი მისცემს იმ ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რაც უზრულველყოფს მათ როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ბაზარზე დასაქმებას. უნივერსიტეტში სწავლის მანძილზე შეძენილი პრაქტიკული უნარები და მეწარმეობრივი სულისკვეთება დაეხმარება მათ, თავად გახდნენ ახალი, კრეატიული და ინოვაციური საწარმოების დამფუძნებლები და შემდგომში უკვე დამსაქმებლები. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მუშაობის გაგრძელება ჩემთვის განსაკუთრებით სიმბოლურია. 1998 წლიდან, ირლანდიის ლიმერიკის უნივერსიტეტში ვმუშაობდი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ირლანდიაში საუნივერსიტეტო განათლების ევოლუციის პროცესში და ბიზნესის სექტორსა და უნივერსიტეტს შორის კავშირების განმტკიცებაში. ამ პროცესმა, ირლანდიის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის სხვა გადაწყვეტილებებთან ერთად, განაპირობა ევროკავშირში ირლანდიის ყველაზე მზარდ ეკონომიკად ჩამოყალიბება. ბევრ მსგავსებას ვხედავ ლიმერიკის უნივერსიტეტის განვითარებასა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიზნებს შორის, შესაბამისად, ჩემს გამოცდილებას და კავშირებს მივმართავ სტრატეგიისკენ, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარებას, და მის პრესტიჟულ, ევროპულ უნივერსიტეტად პოზიციონირებას.

ანდრო რურუა
რექტორი