,,დაასაქმე Smartstudent’’ - მსოფლიოს უმსხვილესი ბრენდები BTU-ს სტუდენტებს ასაქმებენ
07 აგვისტო 2018

მსხვილი საერთაშორისო და ქართული ბრენდები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის დასაქმების მასშტაბურ პროექტში ერთვებიან.

პროექტი, სადაც მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ტექნოლოგიების და ბიზნესის მიმართულებით შეავსებენ გუნდს ახალი, სხარტი და ინოვაციური იდეების მქონე სტუდენტებით, 2018 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება. 50-ზე მეტი ორგანიზაცია სმარტსტუდენტებს კომპანიაში მიმდინარე პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციაში ჩართავენ. BTU-ს სტუდენტების მიერ შექმნილმა არაერთმა, საქართველოსთვის უპრეცედენტო და წარმატებულმა პროექტმა ხელოვნური ინტელექტის, ნივთების ინტერნეტის, მეგამონაცემთა ანალიზის, ვირტუალური და გაფართოებული რეალობის და სხვა მიმართულებებით, მათ მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების მზარდი ინტერესი გამოიწვია.

ინოვაციები და სტარტაპების ფორმულირება, პროგრამირება პითონის ენაზე და BTU-ს პროგრამებით გათვალისწინებული სხვა კურსები, რომელსაც სტუდენტი პირველივე სემესტრიდან შეისწავლის, მას განსაკუთრებულ ცოდნას და უნარებს სძენს. ტექნოლოგიური და კომერციულად საინტერესო სტარტაპების სიმრავლით BTU-ს სტუდენტები მოწინავე პოზიციებს იკავებენ და მათი დასაქმება, ორგანიზაციებში ინოვაცური პროცესების დანერგვისთვის საინტერესო გამოწვევაა.

სტუდენტები დასაქმდებიან სხვადასხვა დეპარტამენტებში: ფინანსები, მარკეტინგი, ოპერაციები, ლოჯისტიკა, ადმინისტრაცია და სხვა, სადაც ყოველდღიურად შესასრულებელი სამუშაოს პარალელურად მოახდენენ პროცესების სკანირებას და მათი შესრულებისთვის ყველაზე ინოვაციური, ეფექტიანი და მაღალტექნოლოგიური მეთოდების შეთავაზებას მენეჯმენტისთვის. ორგანიზაციების და მათ მიერ შეთავაზებული სამუშაო პოზიციების ჩამონათვალი სისტემატიურად იზრდება და სექტემბერში გამართული პრეზენტაციის ფარგლებში BTU ყველა დეტალს წარუდგენს სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს.